მაშველებმა იტალიური გემი "კოსტა კონკორდიადან" ორი სამხრეთ კორეელი ტურისტი ამოიყვანეს, რომლებიც საკურიზო ლაინერზე საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდნენ.
წყვილი რამდენიმე საათის წინ აღმოჩინეს, თუმცა მაშველების თქმით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდნენ გემის იმ ადგილს, სადაც მგზავრები იმყოფებოდნენ. ახალდაქორწინებეულები კი გემის იმ ნაწილში იყვნენ, რომელიც ჯერ კიდევ წყლის ზედაპირზე იმყოფება.
როგორც ცნობილია, ლაინერი "კოსტაკონკორდია" 13 იანვარს იტალიის კუნძულ ჯილიოსთან წყალქვეშა კლდეს შეეჯახა. მის ბორტზე 62 ქვეყნიდან 3 216 მგაზვრი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის დადასტურებულია სამი ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც ორი ფრანგი ტურისტია, ხოლო ერთი, ეკიპაჟის წევრი, პერუდან.
უგზოუკვლოდ დაკარგულად 40 ადამიანი ითვლება, რომელთა აღმოსაჩენად სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მყვინთავები ამოწმებენ გემის იმ ნაწილს, რომელიც წყალში ჩაიძირა.
ტოსკანის პრივინციის პროკურატურამ გემის ჩაძირვისა და ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკავებული და დაკითხულია საკრუიზო ლაინერის კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო და მისი უფროსი თანაშემწე ჩირო ამბროსიო. ისინი ეჭვმიტანილები არიან არაგანზრახ მკვლელობაში, ასევე გემის მგზავრების ევაკუაციამდე დატოვებაში.
გემი "კოსტა კონკორდია" 2006 წელს ჩაეშვა და კომპანია"კოსტა კრუისს" 450 მილიონი ევრო დაუჯდა. გემის სიგრძე 290 მეტრია, მასზე განლაგებულია 1500 კაიუტა, ოთხი საცურაო აუზი, ხუთი რესტორანი, 13 ბარი და სხვა გასართობი ცენტრები.