2011 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთიდან 38 მილიარდი აშშ დოლარის გადინება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით გაზეთი "იზვესტია" ავრცელებს.
ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება 2010 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გატანილი კაპიტალის მოცულობის ოდენობას. 2010 წელს რუსეთიდან 33.6 მილიარდი აშშ დოლარია გატანილი.
რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2011 წლის განმავლობაში რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 80 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფაქტობრივი მაჩვენებლის მიხედვით კი 2011 წელს გადინება 84 მილიარდი აშშ დოლარია.
რუსი ეკონომისტები აცხადებენ, რომ ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 17 წლის განმავლობაში ქვეყნიდან კაპიტალის გადინების მხრივ.