საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ბანკებიდან კრედიტების პირადი მიზნებით აღება არ აეკრძალებათ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს პირადი მიზნებისთვის კრედიტის აღება შეუძლებელია აეკრძალოთ, თუ ის პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირდება.
"კანონის მიზანია, შეზღუდოს უკანონო შემოწირულობები პოლიტიკურ პირებს და გამჭვირვალე გახადოს ნებისმიერი დაფინანასება. ნურავინ დააბრალებს ამ კანონს, რომ მისი მიზანი ვინმესთვის კრედიტის აღების შეზღუდვაა", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, პარტიებთან დაკავშირებულ პირებზე იგივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც პარტიებზე. ამ კანონით კი, პარტიას უფლება არა აქვს, აიღოს სესხი და/ან კრედიტი ფიზიკური ან იურიდიული პირისგან.
პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან: იურიდიული პირი, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; იურიდიული პირი, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ და პირი, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებული პირი, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.