რუსეთი შესაბამის შეფასებებს მისცემს და უპასუხებს კიდეც იმ უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს, რომლებიც მოსკოვის აზრს არ ითვალისწინებენ, ნათქვამია ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო პროგრამის პროექტში.
"საერთაშორისო თანამშრომლობა - ორმხრივი მოძრაობის გზაა. ჩვენ ურთიერთქმედებასა და დიალოგს ვემხრობით საერთაშორისო ტეროტიზმთან ბრძოლის, შეიარაღების კონტროლისა და კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
ჩვენი პარტნიორების ცალმხრივი ნაბიჯები, კი რომლებიც რუსეთის აზრსა და ინტერესებს არ ითვალისწინებენ ჩვენი მხრიდან შესაბამის შეფასებასა და საპასუხო რეაქციას მიიღებენ", _ ნათქვამია პროგრამის პროექტში.
იქ ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშის წესები შეუძლებელია განისაზღვროს მოსკოვის ზურგსუკან ან რუსეთის ინტერესების გვერდის ავლით".
პროგრამის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა აღადგინა პოზიციები საერთაშორისო არენაზე, როგორც მსოფლიო ზესახელმწიფოსი. ქვეყნის გაზრდილი ავტორიტეტი კი მის მონაწილეობას საერთაშორისო საქმეებში კიდევ უფრო საჭიროს ხდის.
"რუსეთის განვითარებისათვის, მოქალაქეებისათვის და ბიზნესისათვის ახალი შესაძლებლობები ჩვენმა ინტეგრაციულმა პროექტებმა უნდა შექმნან. რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირი არსებობს. 2012 წლიდან რეალობა ხდება ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა - ეს ინტეგრაციის კიდევ უფრო ღრმა საფუძველია. წინ მივიწევთ - ევრაზიული კავშირის შექმნისაკენ, რომელიც ურთიერთობების ახალ ეპოქას ქმნის პოსტრაბჭოთა სივრცეში", _ ნათქვამია დოკუმენტში.