რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ეს განცხადება პრემიერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
"პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა დაკავშირებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შვებულების გაფორმებასთან, რაც აუცილებლად, ვერ მისცემს მას საშუალებას სრული მოცულობით შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობები", _ განაცხადა პესკოვმა.
ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებს გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი", რომელიც თავის მხრივ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის მაღალჩინოსან წყაროს იმოწმებს.
ამასთან ერთად, პესკოვის თქმით, "საეთერო დრო რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის აუცილებლად იქნება გამოყენებული წინასაარჩევნო პროგრამის ამომრჩევნებამდე მისატანად".
"შესაძლებელია, რომ დებატებში პუტინის ნაცვლად მისმა წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწლეობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად პრემიერი მიიღებს", _ აცხადებს პესკოვი.