მოსკოვში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას ტექნოგენური ხასიათი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რესტორანში მომხდარი აფეთქების ძირითად მიზეზად გაზგაყვანილობის მოწყობილობის გაუმართაობა დასახელდა. ტერაქტის ვერსია გამოირიცხა", _ განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში და აღნიშნა, რომ ამჟამად შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
შეგახსნებთ, რომ დღეს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რესტორანში გაზი აფეთქდა. დაშავებულთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 39 კაცს მიაღწია. გარდაცვლილია ორი ადამიანი.
გაზის აფეთქება იტალიურ რესტორანში მოხდა. რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრეს.