საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის ინერტული მასალის უკანონო გატანას რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლით აღკვეთს. აღნიშნულის შესახებ საუბარია განახლებული "ეროვნული უსაფრთოხების კონცეფციის" ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის თავში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა მჭიდრო რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
"საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებული დიპლომატიური რესურსების გამოყენებით შეეცდება, რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, რათა აღიკვეთოს აფხაზეთიდან სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის საშენი მასალისა და ხე-ტყის უკანონო გატანა, რომელიც ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის სანაპიროს", - აღნიშნულია კონცეფციაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების, გარემოს დაბინძურების, ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი კრიზისების პრევენციის გზით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, მიწისძვრა, ასევე სამრეწველო ავარიების პრევენციას და სხვა.
საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება და გატარება, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენცია, ტყის რესურსების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიის რადიოაქტიური და სხვა მავნე ნარჩენებისაგან გაწმენდის სამუშაოს ჩატარება, შავი ზღვის დაბინძურების პრევენცია და სხვა.