საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში აქტიურ ჩართვისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ საუბარია განახლებულ "ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო, იუნესკო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ესწრაფვის, დაიცვას და განავითაროს ქვეყნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"ამ მიმართულებით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის გატარება, რომლის მიზანიცაა თანამედროვე და ტრადიციული
ქართული ხელოვნების ხელშეწყობა და არქიტექტურულ ძეგლებზე ზრუნვა", - აღნიშნულია კონცეფციაში.
ამასთანავე, საუბარია საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზეც, რა მიზნითაც საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს იმ სახელმწიფოებთან, რომელთა ტერიტორიაზეც განლაგებულია ქართული კულტურის ძეგლები, ან რომელთა არქივებში, საცავებსა თუ მუზეუმებშიც ინახება ქართული კულტურული ფასეულობები.
"განსაკუთრებული საფრთხე ექმნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იუნესკოსთან, კულტურული საკუთრების შენარჩუნებისა და აღდგენის საკითხთა კვლევის საერთაშორისო ცენტრთან (ICCROM), ძეგლებისა და ადგილების საერთაშორისო საბჭოსა (ICOMOS) და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) თანამშრომლობას", - ნათქვამია დოკუმენტში.