30 დეკემბერი 2011 წ. - სადაზღვევო კომპანია" ჯიპიაი ჰოლდინგმა" ბაღდათში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაასრულა. თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის აპარატურით არის აღჭურვილი.
საავადმყოფოს მშენებლობა სახელმწიფო ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ბაღდათის კლინიკის მშენებლობის პროცესი და კლინიკის სამედიცინო აპარატურით აღჭურვა 3 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.
„მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობას სრულ სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. კლინიკაში შესაძლებელია როგორც დაავადებათა დიაგნოსტირება და ამბულატორიული მკურნალობის ჩატარება, ასევე გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების მიღება.
კლინიკაში დასაქმებულია დაახლოებით 50-მდე ადგილობრივი მედპერსონალი. კადრების შერჩევა ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს. ინერგება ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესების პროცესს" , - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორმა გიორგი კვირიკაძემ.
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი გეგმავს სამედიცინო დაზღვევის არეალის გაფართოებას და მეტი ხალხის მოზიდვას სადაზღვევო სქემაში, რათა ახალ საავადმყოფოში მომსახურების მიღება რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
საქართველოს მასშტაბით "ჯიპიაი ჰოლდინგმა" 8 საავადმყოფოს მშენებლობა და აღწურვის პროცესი უკვე დაასრულა. აქტიურად მიმდინარებს დარჩენილი 2 საავადმყოფოს ექსპლუატაციაში შესვლის პროცესი. ვენის სადაზღვევო ჯგუფმა აღნიშნულ პროექტში 45 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" 2006 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული სოციალური დაზღვევის პროექტებში. დღეს კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით 200,000-მდე ადამიანი სარგებლობს.