ნავთობპროდუქტების სერთიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებით ვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკმაყოფილებელი. "მონიტორინგის" წარმომადგენელთა განცხადებით, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ნავთობპროდუქტების სერთიფიკაციის ორგანოს მიერ მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული საწვავის ხარისხობრივი შემოწმება და სერთიფიცირება.
მათი განცხადებით, დღეისათვის ჩვენი ქვეყნის სარეალიზაციო ქსელში იყიდება საწვავი, რომლებიც შეესაბამებიან ევრო 5, ევრო 4, ევრო 3 და ევრო 2-ის სტანდარტებს. კერძოდ, სუპერი და პრემიუმი ტიპის ბენზინი და ევრო დიზელი მთლიანად შეესაბამება ევრო 4 და ევრო 5-ის სტანდარტებს. რაც შეეხება რეგულარი ტიპის ბენზინსა და ლ-62 ტიპის დიზელის საწვავს, ისინი შეესაბამებიან ევრო 2 და ევრო 3-ის სტანდარტს.
ნავთობპროდუქტების სერთიფიკაციის ორგანოს მიერ მთელი წლის განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა კომპანია "სოკარის" მიერ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული რეგულარი 92 ტიპის ბენზინისა და ლ-62 ტიპის დიზელის საწვავის ხარისხობრივი შემოწმება და სერტიფიცირება. აღნიშნული პროდუქტები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. ანალოგიური შეიძლება ითქვას ასევე "ვისოლის", "რომპეტროლის", "ლუკოილის" და "გალფის" მიერ იმპორტირებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება საავტომობილო ზეთების ბაზარს, იქ არსებული ვითარება ხარისხთან დაკავშირებით, საწვავის ბაზრისგან განსხვავებით, უნდა შეფასდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ბაზარზე იყიდება უხარისხო, დაბალი კატეგორიის პროდუქტი. მათი ხვედრითი წილი ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანია", - აცხადებენ "მონიტორინგის" წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, მიმდინარე წელს ჩვენი ქვეყნის საავტომობილო ზეთების ბაზარზე გამოჩნდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი "ტოტალი", რომლის რეალიზაციას ახორციელებს კომპანია ვისოლი და რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
მათი განცხადებით, საავტომობილო ზეთებში ასევე უნდა აღინიშნოს ისეთი მაღალი კატეგორიის ზეთები, როგორებიცაა კასტროლი, არალი, მობილი და კომპანია "თეგეტა მოტორსის" მიერ იმპორტირებული საავტომობილო ზეთები.