საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ქართველი ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში ცოდვითი მიდრეკილებები ღრმად იდგამს ფესვებს.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, საზოგადოებაში არის იმის მცდელობა, რომ ცოდვა ცოდვად აღარ იქნას მიიჩნეული და იგი ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოაჩინონ.
"მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: `ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის~. დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი", _ აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ საზოგადოების ცნობიერების გადაგვარება ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალების საშუალებით დაიწყო, ახლა კი ჩვენი მოქალაქეები გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის.
"ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: `ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური... (მთ. 18,7) ... მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ~. (მთ. 18,6) ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც", _ ბრძანებს პატრიარქი.
უწმინდესი აღნიშნავს, რომ შეუთავსებელია ქრისტიანობა და ამავე დროს ნარკომანობა, ლოთობა, მრუშობა და ქურდობა. პატრიარქი ბრძანებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი.
"შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს", _ აღნიშნულია საშობაო ეპისტროლეში.
მასალის გამოყენების პირობები