საშობაო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში შეგნებულად გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე, რომელიც აფხაზებსა და ოსებს ეხება.
პატრიარქი ბრძანებს, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო და ამით დაპირისპირება ღვივდება ხალხებს შორის.
"გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც თითქმის 20 წელია გრძელდება, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებშიც, და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია", _ ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.
პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები აპატიებენ ერთმანეთს შეცდომებს და მათ შორის შერიგება მოხდება.
"მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს", _ ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.
პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ასევე ქართველი ადამიანის შემწყნარებელ ბუნებაზე და აღნიშნა, რომ ამის მაგალითი ქართულ მიწაზე სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების თანაარსებობაა.
"ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი", _ განაცხადა პატრიარქმა.