სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2010 წლის საშობაო ეპისტოლეში ქართველ ხალხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდა. პატრიარქმა ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება".
"როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ", _ ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში და იქვე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ვრცელდება რუქები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას თავისი ენა და კულტურა აქვს.
"ამით უნდათ ჩვენი ერის სხვა და სხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია", _ ნათქვამია ეპისტოლეში.