საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვაზე კანონის გამკაცრება საქართველოში შექმნილ უკანასკნელ რეალობას უკავშირდება.
როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ცისკარიშვილმა აღნიშნა, ზოგს იმედი აქვს, რომ ფულს ჩამოარიგებს და ასე იყიდის ამომრჩეველს მიუხედავად იმისა, რომ ქართულის საზოგადოება არ იყიდება.
"ამის კანონმდებლობაში დაფიქსირებაც საჭიროა რაც მეტ დემოკრატიულობას შეიტანს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, სურთ ხმები, ფულით მაინც მიიღონ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, უმრვალესობის ლიდერმა "ძველი დრო" გაიხსენა და თქვა, რომ
საქართველოს ასეთი ოლიგარქები ადრეც ჰყოლია, რომლებიც წინასწარ იხდიდნენ თანხას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის მოსყიდვა მოახერხეს.
"ხალხმა მაინც იმას მისცა ხმა, ვინც ქვეყნის ინტერესებს ატარებს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.