საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" გამგეობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭო აღარ არსებობს, თუმცა საბჭოს წევრები ივანიშვილის გუნდში რჩებიან. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, მრჩეველთა საბჭო იყო იმიტომ, რომ არ არსებობდა მოძრაობა.
"სანამ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" დაფუძნდებოდა, ივანიშვილის ირგვლის გუნდში იყო მრჩეველთა საბჭო. ვინაიდან ივანიშვილის ირგვლივ არ არსებობდა ორგანიზაცია, ამიტომ იყო შერჩეული ფორმა მრჩეველთა საბჭოსი. მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ორგანიზაცია, ცხადია, მრჩეველთა საბჭოს გარკვეული წევრები, ჩაერთნენ მოძრაობის ფარგლებში. მე, მაგალითად, ამ მოძრაობის წევრი ვარ. უბრალოდ, ეს ყველაფერი სახელისუფლებო პროპაგანდამ სხვანაირად გაავრცელა", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, მრჩეველთა საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრი დღეს გადანაწილებულია სხვადასხვა ფუნქციით საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში".
"მრჩეველთა საბჭო აღარ არის, თუმცა მისი ყველა წევრი რჩება საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში". ზოგი არის გამგეობაში, ზოგი არის თემატურ ჯგუფში, ზოგი არის აღმასრულებელ საბჭოში", - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა მრჩეველთა საბჭოს მუშაობის უკმაყოფილების გამო, საბჭო დაითხოვა.