შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. 2012 წლისთვის შემოსავლების სამსახური მეწარმეებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განმარტა, 2012 წლის გეგმებში შედის ფიქსირებული გადასახადის შემოღება, რომელიც ცალკეული ტიპის მეწარმეებისთვის უკვე იანვრიდან განისაზღვრება. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე აქციზური მარკების ელექტრონიზაცია.
"2012 წლის გეგმაა ფიქსირებული გადასახადების შემოღება, რომელიც ამ დროისთვის პარლამენტში იხილება. იანვრიდან ფიქსირებული გადასახადების შემოღებას დავიწყებთ. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე აქციზური მარკების გადასახადის ელექტრონიზაცია ანუ ქაღალდის სისტემიდან გადავდივართ ელექტრონულ სისტემაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მეწარმეს, ებრძოლოს ფალსიფიკაციას, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ ეფექტური მონიტორინგი განვახორციელოთ. თებერვლიდან გვექნება ასევე ახალი სიახლე, ეს იქნება ახალი სისტემა - სასაქონლო ზედნადების ელექტრონიზაცია", - განაცხადა ებანოიძემ.
თუმცა მანამდე, შემოსავლების სამსახურმა დღეს სასტუმრო რადისონში 2012 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას შემოსავლების სამსახურის ახალი ლოგო წარუდგინა.
"2011 წელი შემოსავლების სამსახურისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. განხორციელდა ძალიან ბევრი ცვლილება მცირე მეწარმეებთან მიმართებაში. შემოვიღეთ საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი. მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ასევე ალტერნატიული აუდიტის შემოღება. გამარტივდა საბაჟო პროცედურები. ასევე მნიშვვნელოვნად გამარტივდა ტვირთების გაფორმების პროცედურები. შემოსავლების სამსახური ლიბერალიზმისკენ მიდის. ვხდებით უფრო მოქნილები. ამიტომ შევცვალეთ ჩვენი ლოგო და ჩვენს სულისკვეთებას ეს ახალი ლოგო გამოხატავს", - განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე შემოსავლების სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებს.
"წელს დაინერგა ძალიან ბევრი ინოვაცია და 2012 წლისთვის დაგეგმილია ასევე ბევრი სიახლის განხორციელება. დღეიდან იცვლება შემოსავლების სამსახურის ლოგო, რომელიც არის უფრო მარტივი და ეს სიმარტივე ასახავს იმ სიახლეებს, რომელიც შამოსავლების სამსახურის მხრიდან ხორციელდება", - განაცხადა გვინდაძემ.
შემოსავლების სამსახურის ახალ ლოგოში, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში, ლურჯი და მწვანე ფერი ნდობის, სტაბილურობის, სიძლიერის, გამჭვირვალობისა და ბალანსის აღმნიშვნელია.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, სამსახური 2012 წლის განმავლობაშიც გადამხდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე და მომსახურეობის გამარტივებაზე იქნება ორიენტირებული.