ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკავებულების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
"მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ ოსეთში დაკავებული 13 კაცის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. ისინი ჩვენ 15 კაცს გადმოგვცემენ, ეს კარგი შედეგია", _ აცხადებს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტები შემცირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ადამიანებმა ორივე მხრიდან თანდათან დაიწყეს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელობის გააზრება".
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ასევე განიხილებოდა საკითხი "სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ამას გარდა, ასევე განიხილებოდა საკითხი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ".
ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 2012 წლის 28-29 მარტს გაიმართება.