2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების განხილვისას აღნიშნა.
"2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, არამედ ყველა კარგად ხვდებით, რომ ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხის", - აღნიშნა ჩახვაძემ.
ამასთან, დეპუტატმა კოდექსზე მუშაობის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა გადაწყვიტა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები შეთანხმების გზით გადაეჭრა.
"პოლიტიკური პროცესი თავის თავში მოიცავს მწვავე დისკუსიას, კამათს, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ მივდივართ შეთანხმებამდე კომპრომისების გზით. ეს არის თანამედროვე პოლიტიკა და ვინც ამას ვერ ხვდება უბრალოდ არ იცის პოლიტიკა და მეორეს მხივ მას არ სურს საქართველოში ჩამოყალიბდეს პოლიტიკური გარემო", - აღნიშნა ჩახვაძემ.
ასევე, ედპ-ს წევრს მიაჩნია, რომ აუცილებელია საჯარო მოხელეებისთვის თუნდაც დროებითი შეზღუდვები დაწესდეს, რომ ისინი წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვლავ შვებულებებში არ გავიდნენ და ისე არ მიიღონ მონაწილეობა.
"სამწუხაროს ამის გამოცდილება უკვე გვაქვს", - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.