მსოფლიოს ქვეყნების 2011 წლის დემოკრატიის ინდექსში - Democracy Index 2011 - საქართველო 167 ქვეყანას შორის, 102-ე ადგილზეა.
ბრიტანული გამოცემა Economist-ის ანალიტიკურმა განყოფილებამ the Economist Intelligence Unit თავის კვლევაში აღნიშნა, რომ 2011 წელი ხასიათდებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით, დრამატული ცვლილებებითა და სოციალური მღელვარების ზრდით მსოფლიო უმეტეს ნაწილში. ყველა ამ პროცესმა გარკვეული გავლენა იქონია დემოკრატიაზე - მეტწილად ნეგატიური.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დემოკრატია „სტრესს განიცდის“ და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
დემოკრატიის ინდექსი ადგენს დემოკრატის დონეს სახელმწიფოს შიგნით და ეფუძნება შესაბამის მეთოდოლოგიას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე სამოცი მნიშვნელოვანი მაჩვენებლიდან მიიღება. აღნიშნული მაჩვენებლები დახარისხებულია ხუთ ძირითად კატეგორიად: 1- საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი; 2- მთავრობის მოღვაწეობა; 3- პოლიტიკური ჩართულობა; 4- პოლიტიკური კულტურა; 5- სამოქალაქო თავისუფლება;
2011 წელს გაანალიზებულია 167 ქვეყანა და თითოეული მათგანი განთავსებულია ოთხიდან ერთ-ერთ კატეგორიაში.
კატეგორიები მოცემულია შემდეგი სახით: 1- სრული დემოკრატია; 2- არასაკმარისი დემოკრატია; 3 - ჰიბრიდული რეჟიმი; 4- ავტორიარული რეჟიმი;
2011 წელს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ნორვეგია დასახელდა, ათეულში შევიდნენ ისლანდია, დანია, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია, კანადა, ფინეთი და ნიდერლანდები.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ მე-19 ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო სრული დემოკრატიის ქვეყნების ჯგუფის ბოლო, 25-ე ადგილზე ესპანეთია.
სრული დემოკრატიის 25 ქვეყანაში მსოფლიოს მოსახლეობის 12 %-ი ცხოვრობს.
ინდექსში 53 ქვეყანა შეფასებულია როგორც არასაკმარისი დემოკრატიის ქვეყნები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე 37 სახელმწიფოთა შორის მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის ავტორების დასკვნის მიხედვით, საქართველოში არსებობს როგორც დემოკრატიის ასევე ავტორიტარიზმის ელემენტები.
რეიტინგში მყოფი დანარჩენი 52 სახელმწიფო ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაში მოექცა.აღნიშნულის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 1/3 (2,5 მლრდ. ადამიანი) ავტორიტარული მმართველობის პირობებში ცხოვრობს.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე - 34-ე ადგილზე ესტონეთია, შემდეგ მოდიან ლიტვა (41-ე ადგილი), ლატვია (48-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საქართველო (102-ე ადგილი), ყირგიზეთი (107-ე ადგილი).
რეგიონის ქვეყნებს
შორის რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოდიან სომხეთი (111-ე ადგილი), რუსეთი (117-ე ადგილი) და აზერბაიჯანი (140-ე ადგილი).
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ თურქეთს, ის რეიტინგში 88-ე ადგილზეა.
Democracy Index 2011 -ის ბოლო ხუთეული კი ასე გამოიყურება: მიანმა, უზბეკეთი, თურქმენეთი, ჩადი და ჩრდილოეთ კორეა.