8 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ფოიეში (დ. აღმაშენებლის გამზ.127) ფრედერიკ შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის კენჭისყრა გაიმართება.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-11 იანვარს საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია მთელი საქართველოს მაშტაბით მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა შესარჩევი მოსმენა-კონკურსი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული. ხუთ მათგანს გადაეცემა საპატიო დიპლომები, ხოლო ერთს მიენიჭება ლაურეატის წოდება და გაემგზავრება პოლონეთში და მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც გაიმართება ფრედერიკ შოპენის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მთელი 2010 წლის განმავლობაში პოლონეთში დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო რანგის ვარსკვლავები. მათ შორის: ვან კლიბერნი, ივო პოგორელიჩი, მარტა არგერიჰი, ევგენი კისინი, ალფრედ ბრენდელი და სხვ.
ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ საქართველოდან პოლონეთში სოლო კონცერტის გასამართად მიწვეულია ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, რომელიც ამავდროულად კომპანია "ხელოვნების აკადემიის~ დამფუძნებელია. კონცერტი დაგეგმილია 2010 წლის მაისში პოლონეთის ქალაქ ჟელეზოვო ვოლიაში, შოპენის მუზეუმში, სადაც დგას ფორტეპიანო, რომელზედაც თავად ფრედერიკ შოპენი უკრავდა.
პოლონეთის მხარესთან მოლაპარაკებისას გაჩნდა იდეა, რომ ვალერიან შიუკაშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღოს 16 წლამდე ასაკის ქართველმა პიანისტმა, "ხელოვნების აკადემიის~ ერთ-ერთმა სტიპენდიანტმა.
ფრედერიკ შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის კენჭისყრა გაიმართება 8 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ფოიეში.
კონკურსის მოსმენები გაიმართება 9 და 10 იანვარს, 16:00 საათიდან, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში.
11 იანვარს კი, 19:30 საათზე, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალაკონცერტი.
ამასთანავე კომპანია "ხელოვნების აკადემია~ შეარჩევს 5 სტიპენდიანტს, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ, კომპანიის დახმარებით, გაიღრმავონ ცოდნა, გაიარონ გამოცდილ პროფესორ-მასწავლებელთა მასტერკლასები, დაესწრონ ცნობილ ხელოვანთა შეხვედრა-ლექციებს, მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.