ხვალ, 7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს ღამით დაიწყება.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
საშობაო წირვა-ლოცვის დაწყებამდე წაიკითხება პატრიარქის საშობაო ეპისტოლე.
სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები საქონელს აფარებდნენ. უფლის შობა მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. სწორედ მწყემსებმა იხილეს პირველად მაცხოვარი.