ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში სადაც ცოტა ხნის წინ მასობრივ არეულობას ჰქონდა ადგილი დაჭრილებისათვის დახმარების აღმოჩენა გრძელდება. გუშინდელი დღიდან დონორების მიერ გრძელდება სისხლის ჩაბარება.
არაოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღის ზეიმის დროს პოლიციასთან შეტაკებების დროს 500 დან 800 ადამიანამდე დაშავდა. საავადმყოფოებში ადგილების უკმარისობის გამო დაჭრილები 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ აკტაუში გადაჰყავთ.
ჟანაოზენში მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია, ქალაქში შეყვანილია ჯარი, ქალაქის თავზე ვერტმფრენები ფრებენ. კვლავინდებურად არ არის მობილური კავშირგაბმულობა. რეგიონში გამორთულია ინტერნეტი.
არეულობების მსხვერპლი, ოფიციალური მონაცემებით 10 ადამიანი გახდა. ოპოზიციური მედია კი ირწმუნება, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და ის 70 ადამიანს აღწევს.
არეულობა ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში პარასკევს ნავთობის კომპანიების ყოფილმა თანამშრომლებმა დაიწყეს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ ჟანაოზენის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ არეულობის ინიციატორები სამუსაო ფორმებში იყვნენ ჩაცმულნი და ჯოხებით, გადაჭრილი მილებითა და ბენზინით სავსე ბოთლებით იყვნენ შეიარაღებულნი.
არის ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არეულობის დროს აიხსნა ცცეხლი, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მომხდარის გამოსაძიებლად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ყაზახეთის შს მინისტრი კალმუხანბეკ კასიმოვი უდგას სათავეში. მან რუსული მედიისათვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ქალაქ ჟანაოზენში ამჟამად სიტუაცია მშვიდია, გამოსვლები ჩახშობილი და მოედანზე არავინ არ არის. მისივე თქმით, არეულობის მოწყობაში ეჭვნიტანილი დაკავებულია 70 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია "ოზენმუნაიგაზ"-ის მუშებმა გაფიცვა, ხელფასის შემცირების გამო ჯერ კიდევ მაისში დაიწყეს. მათი ხელფასი ყაზახეთში ერთ ერთ ყველაზე მაღალ ხელფასად ითვლება და დაახლოებით 2 ათას აშშ დოლარს შეადგენს. თავად მუშებს კი ეს ხელფასი არ აწყობთ და ისინი მის გაზრდას მოითხოვენ. ამას გარდა, ისინი მოითხოვენ ჯერ კიდევ მაისში დაკავებული პროფკავშირების იურისტის ნატალია სოკოლოვას გათავისუფლებას, რომელიც არასანქცირებული მიტინგის მოწყობის ბრალდებით დააკავეს.
არაოფიციალური მონაცემებით, გაფიცვაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ყაზახეთის ხელისუფლება დათმობებზე არ მიდის და აცხადებს, რომ გამოსვლები უკანონოა.