ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა გერმანულ ენაზე შვეიცარიულ გამოცემა "Der Bund"-თან საუბრის დროს რუსულ ენას კვლავ "ოკუპანტების ენა" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონურ მედია ავრცელებს. თომას ჰენდრიკ ილვესმა, კითხვაზე, თუ რატომ არ არის რუსული ენა ესტონეთში მეორე ოფიციალური ენა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მოსახლეობის 30 % ამ ენას მშობლიურ ენად მიიჩნევს, უპასუხა, რომ საოკუპაციო ხელისუფლების ენა შეუძლებელია მეორე ოფიციალური ენა იყოს.
"რატომ უნდა იყოს ის ოფიციალური ენა? მაგალითად, ჩვენ თქვენი ქვეყნის ოკუპაცია მოვახდინეთ და 50 წლის შემდეგ გითხრათ, რომ თქვენ ესტონური ენა სახელმწიფო ენად უნდა გამოაცხადოთ. საოკუპაციო ხელისუფლება ხელში იგდებს ქვეყანას, ახდენს ასობით ათასი ადამიანის დეპორტაციას ციმბირში და აქ თავის ადამიანებს აგზავნის. და ახლა, როდესაც ჩვენ ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საოკუპაციო ხელისუფლების ენა ქვეყნის მეორე ენა რატომ უნდა იყოს? ნუ მისვამთ პროვოკაციულ კითხვებს!" _ განაცხადა ილვესმა.
მისი თქმით, რუსები ესტონეთში დიდხანს იყო ხალხი, რომლებიც მბრძანებლობდნენ და პროვილეგიები ჰქონდათ, ახლა "მათ უკვე პრივილეგიები აღარ აქვთ და ზოგი მათგანი ამას დანაკარგად აღიქვამს".