ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სახეზეა ავტორიტარული მმართველობის რეჟიმი, სადაც განუწყვეტლივ ირღვევა, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და პარტიის წევრებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ხელისუფლების მხრიდან დევნისა და დისკრედიტაციის ყველა ფორმა.
"ზუსტად 63 წლის წინ, 1948 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ერთხმად იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია, რისი მიღებითაც, კაცობრიობამ დააფიქსირა ადამიანის ძირითადი უფლება იყოს თავისუფალი და იცხოვროს სამართლიან სახელმწიფოში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სახეზე გვაქვს ავტორიტარული მმართველობის რეჟიმი, სადაც განუწყვეტლივ ირღვევა როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები. "დემოკრატიულმა მოძრაობამ" საკუთარ თავზე გამოსცადა ხელისუფლების მხრიდან დევნისა და დისკრედიტაციის თითქმის ყველა ფორმა", - ნათქვამია განცხადებაში .
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" აცხადებს, რომ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ გრძელდება და ბრძოლის შედეგად ქართველი ხალხი იცხოვრებს რეალურად თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში.