პარლამენტმა ბინათმოსარგებლეების, ე.წ. ოტსტუპნიკების შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, საცხოვრებლით მოსარგებლეები არ იქნებიან ვალდებული, 2012 წლის 1-ლი იანვრიდან დატოვონ საცხოვრებელი ფათები.
ცვლილებების თანახმად, თუ პირი კეთილსინდისიერად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით და საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა ან საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა არ განხორციელებულა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება არ ექნება, უპირობოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა.
აღნიშნული კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებაზე არ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. კანონპროექტი ასევე არეგულირებს მესაკუთრის მიერ სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ცვლილებების ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიაა.