ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს. გრიგოლ ვაშაძემ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯულიო ტერცისთან გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში რუსეთში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შედგა.
მხარეებმა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრიც განიხილეს. იმსჯელეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე, საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ურთიერთობებსა და ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაზე.
`ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში იმის საჭიროებაზე, რომ პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გადაიზარდოს უფრო მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ საქართველოსა და ალიანსის ურთიერთობებსა და იმაზე, თუ რა სამუშაო არის ჩასატარებელი ჩვენი მხრიდან და რა ხელშეწყობა გვჭირდება მოკავშირეებისგან იმისთვის, რომ ღირსეულად მივიდეთ ჩიკაგოს სამიტამდე,`- განაცხადა შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ.