ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ცესკო ყოველ საათში გამართავს ბრიფინგებს და საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ.
"13:30 საათზე კი ცესკო გამოაქვეყნებს ინფორმაციას ამომრჩევლის 12-საათიანი აქტივობის შესახებ. 18:00 საათზე გამოქვეყნდება ინფორმაცია 5-საათიანი აქტივობის შესახებ. შუალედურად ჩატარდება ასევე ბრიფინგები სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 20:15 საათზე ცესკო გამოაქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ დამთავრდა ხმის მიცემის პროცესი და დაიხურა თუ არა საარჩევნო უბნები. 22:30 საათზე გამოქვეყნდება სრული ინფორმაცია ამომრჩევლის აქტივობის შესახებ. 24 საათიდან ყოველ 2 საათში ცესკო მიაწოდებს საზოგადეობას ინფორმაციას ხმის დათვლის მიმდინარეობის შესახებ. ყველა ეს ინფორმაცია განთავსდენა ცესკოს საიტზე", - განაცხადა თარხნიშვილმა.
მისი თქმით, პირველი ოფიციალური შედეგი 6 იანვარს საღამოს 8 საათიდან 9 საათამდე გამოქვეყნდება.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ეცდება, 4 დღეში გამოაქვეყნოს არჩევნების საბოლოო შედეგები.
მან ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს მიეცემათ ყველანაირი პირობა მუშაობისთვის.
მისი თქმით, ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, შევიდნენ სპეციალურ საარჩევნო უბნებზე, როგორიცაა სასჯელთაღსრულებითი დაწესებულებები და სამხედრო ნაწილები.