"დარწმუნებული ვარ, არც ჩვენს მეგობრებს და არც ჩვენს მოსახლეობას არ გავუმტყუნებთ იმედს და საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევანი", - ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა და მას საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბრის მთავარი თემა იყო ხვალინდელი არჩევნები.
"როგორც იცით, უკვე ჩამოსულია 900-მდე ადამიანი. Eეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა ამ არჩევნების მიმართ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან მადლობა გადაუხადა უცხოელ კოლეგებს ვისაც პირადად სთხოვა სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა.
"მინდა მათ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც კარგად მიხვდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვირვებლების საქართველოში ყოფნას და მათ მართლაც უპრეცენდენტო რაოდენობის ადამიანები გამოაგზავნეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიების ხვლიანდელი მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
"ერთი მხრივ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულნი, რათა არჩევნები იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული და გამჭვირვალე და ამავდროულად ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი რწმენა, რომ არც ერთი დარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე", _ განაცხადა მან.
ეს ყველაფერი, მისი თქმით, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც საქართველოს მოსახლეობა ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა დარწმუნებული იყოს რომ მოსახლეობას იმედი არ გაუმტყუნდეს.