დღეს, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა, დავით ბაქრაძემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ბაქრაძის განცხადებით, 5 იანვრის არჩევნები საქართველოს საერთაშორისო იმიჯისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა და ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა კააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების დღეს პროვოკაცია იგეგმება. საარჩევნო შტაბის სპიკერმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი მცდელობებისაგან.
"არის განზრახვა, მოხდეს ოპოზიციის აქტივისტების მობილიზაცია საარჩევნო უბნების სიახლოვეს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს კომფრონტაციის და პროვოცირების ძალიან მაღალ რისკს. ბოლო ორი დღის განვმავლობაში სამწუხაროდ, მოლაპარაკებებმა შედეგები ვერ გამოიღო და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, უარი განაცხადონ ასეთ განზრახვაზე და ყველამ ერთად შევიმუშაოთ თამაშის წესები იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო. სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს არჩევნების პროცესების კანონის დაცვით წარმართვას.