ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" პრეზიდენტობის კანდიდატის ირინა სარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, თუ ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, საქართველოსთვის ეს საფრთხისშემცველი იქნება ნატო-ში გაწევრიანებამდეც და მის შემდეგაც.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ირინა სარიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინა, ამ ეტაპზე კი მისი ასეთი გამოსვლა თვითლუსტრაციის ელემენტებს შეიცავს.
"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ძირითადი საფრთხე რუსეთიდან უფრო აქვს. ყველაზე უფრო რეალურია, რომ რუსეთმა საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების დაპყრობა გააფორმოს. რაც შეეხება ირანისა და აშშ-ს საკითხს, თუ მათ შორის კონფლიქტი დაიწყო, განურჩევლად იმისა, რა ორგანიზაციის წევრი იქნება საქართველო, ეს კონფლიქტი მას სიკეთეს არ მოუტანს, ისევე, როგორც ჩვენს მეზობლებს. აზერბაიჯანული მოსახლეობა აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, არც ირანის მოკავშირე სომხეთითვის იქნება ეს სიკეთის მომტანი. თუმცა ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა დიდი იქნება იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული, მაგრამ მათ რა თქმა უნდა უფრო გლობალური ინტერესები ამოძრავებთ, ვიდრე ის, რომ საქართველო არ ჩაერთოს ამ კონფლიქტში", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "იმედის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ირინა სარიშვილმა განცხადება გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, მონაწილეობა არ მიიღონ პლებისციტში, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხება, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა ჩართული იქნება აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტში და საქართველოს ტერიტორიას ნატო-ს ჯარი დაიკავებს.