რუსეთის ექპერტთა საზოგადოებაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მისამართით არადამაიმედებელი პროგნოზები კეთდება. "აქ არ არის ეკონომიკა, მოსახლეობა გარბის და არც პერსპექტივებია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ეს, უბრალოდ, რუსული დანამატია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსული სახსრებით არსებობს", - განაცხადა რადიო "თავისუფლების" ეთერში საუბრისას პოლიტოლოგმა დიმიტრი ორეშკინმა და დასძინა, რომ ასობით ათასი დევნილი, რომლებიც საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად გაჩნდნენ, უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლითა და აუცილებელი ნივთებით.
"რასაც ვერ ვიტყვით ედუარდ კოკოითის მარიონეტულ რეჟიმთან მიმართებაში, რომელიც აქტიურადაა დაკავებული მილიარდების მითვისებით", _ აცხადებს ორეშკინი და დასძენს, რომ ეს თანხა იქ ისე ქრება, როგორც შავ ხვრელში.
"მიუხედავად სამხრეთ ოსეთში გადარიცხული მილიარდებისა, პროგრესი არ ჩანს. იქ მხოლოდ რუსეთიდან გადარიცხული თანხის კორუფციული ათვისება ხდება", _ აცხადებს პოლიტოლოგი და დაძენს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში მალე ადგილობრივი მოსახლეობა არ დარჩება.
პოლიტოლოგი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "ეს ადამიანები გაიქცევიან რუსეთში და იქ ბანდიტიზმით იქნებიან დაკავებულნი".
"ეს ადამიანები რუსეთში გაიქცევიან, თან იარაღით გადავლენ ჩრდილო ოსეთში და უფრო აქეთაც. თანაც დაკავებულები იქნებიან მხოლოდ იმით, რაც მათ ამდენი წლის განმავლობაში ასწავლეს _ ეს ბანდიტიზმი და ძარცვაა", _ აცხადებს ექსპერტი.