„საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველომ 183 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა. ამ ბოლო რანგირების მიხედვით, რომელიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონეს განსაზღვრავს, საქართველომ 10-ბალიან სკალაზე (10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა - ძალიან კორუმპირებულს) 4.1 ქულა მიიღო. 2010 წელს საქართველოს ქულა 3.8 იყო და 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი ეკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
კორუფციის აღქმის დონე საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ასევე უფრო დაბალია, ვიდრე ხორვატიაში, რომელიც სულ მალე ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა გახდება, და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში. თურქეთი 61-ე ადგილზეა (4.1 ქულით) და, შესაბამისად, საქართველოზე ოდნავ მაღლა დგას. საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში კორუფციის აღქმის დონე ბევრად უფრო მაღალია: სომხეთი 129-ე ადგილზეა (2.6 ქულით), რუსეთი და აზერბაიჯანი კი 143-ე ადგილს ინაწილებენ (2.4 ქულით).
კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე აქვთ ახალ ზელანდიას, დანიას, ფინეთს, შვედეთსა და სინგაპურს. რანგირებაში ბოლო ადგილები დაიკავეს უზბეკეთმა, ავღანეთმა, მიანმარმა, ჩრდილოეთ კორეამ და სომალიმ.
„კორუფციის აღქმის ინდექსს" (CPI) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსში ქვეყნები/ტერიტორიები რანგირებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება ამ ქვეყნების/ტერიტორიების საჯარო სექტორები. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო ჯგუფების კვლევებს. ის ასევე ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე დამკვირვებლების, მათ შორის შეფასებულ ქვეყნებში მცხოვრები და მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებს. „კორუფციის აღქმის ინდექსი" არ არის სათანადო საშუალება ამა თუ იმ ქვეყნის კორუფციის დონის შესადარებლად სხვადასხვა წლებში, თუმცა ინდექსი მოცემულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის აღქმის კარგ სურათს აჩვენებს.