„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ებრაელი ბიზნესმენების - რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელის შეწყალებას მიესალმება.
„ეს იყო ძალიან მძიმე საქმე პოტენციური ინვესტორების განწყობის ჩამოსაყალიბებლად და ბუნებრივია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ცალსახად პოზიტიურად ვაფასებ. რაც უნდა სოლიდური მტკიცებულებები ჰქონოდათ ქართველ სამართალდამცავებს ჩადენილ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და ბიზნესმენების ურთიერთობაში სპეცსამსახურების მეთოდების გამოყენება არ არის საუკეთესო ფორმა იმ დავების მოსაგვარებლად, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს დაგროვდა" - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის კეთილმეგობრული დამოკიდებულების, ტრადიციისა და მომავლის გათვალისწინებით, არ არსებობდეს არც ერთი ხელისშემშლელი გარემოება, რაც უარყოფითად აისახება ორი ქვეყნის მთავრობების და ხალხების ურთიერთობაში..
საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დღეს შეიწყალა.