ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მისულ დამთვალიერებელს პირველად მიეცემა საშუალება თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიით აღჭურვილ დარბაზებში გამოფენილი ის საგანძური იხილოს, რომლებიც დღემდე არასოდეს გამოფენილა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, რომლის პირველსაწყისს ჯერ კიდევ 1840-იან წლებში დაუდო სათავე სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ფონდებში ამჟამად დაცულ 41 000-ზე მეტ ექსპონატს შორისაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები - მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან დამთავრებული დადიანების საგვარეულოს მემორიალური რელიქვიებით და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საკმაოდ მდიდარი კოლექციით.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ მიუხედავად იმისა, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლისათვის, მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემების მოგვარების გარდა, აუცილებელია ფონდებში დაცული უნიკალური მასალების გამომზეურება და სათანადოდ ექსპონირება, რათა იგი ხელმისაწვდომი გახდეს სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
სწორედ აღნიშნულ მიზანს ისახავდა პროექტი "დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია", რომელიც შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ, საქართველოში იაპონიის საელჩოს მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა "საქართველოს მემკვიდრეობის" მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით.