"ის რაც დღეს ცხინვალში ხდება არის ნაწილი ოკუპაციის პროცესისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართ ახორციელებს", _ აცხადებს ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე იქ განვითარებულ მოვლემენზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
"ყველაფერზე რაც იქ ხდება პასუხისმგებელია საოკუპაციო ძალები. რუსეთის ფედერაცია როგორც ოკუპანტი ძალა ცდილობს მოჩვენებითად საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ხალხისგან დაცლილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცესების მსგავსი რაღაც შეიძლება მიმდინარეობდეს", _ აცხადებს ბარამიძე და აღნიშნავს, რომ ბუნებრივია ამ პროცესს და ამ თამაშს რომელსაც ე.წ. არჩევნებს უწოდებს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.
"ბუნებრივია ეს ისევ კრემლში არსებული სხვადასხვა ძალების ერთმანეთთან თამაშის და დაპირისპირების შედეგი შეიძლება იყოს. ეს ორი ე.წ. დაპირისპირებული ძალის ერთმანეთთან ურთიერთობა ვითომდა საარჩევნო კამპანიის ნაწილია", _ აცხადებს ბარამიძე.