."ჯი-ეიჩ-ენი". მიხეილ სააკაშვილი დღეს ყირგიზეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციას დაესწრო. საინაუგურაციო ცერემონიალი ბიშკეკში სახელმწიფო ფილარმონიის შენობაში გაიმართა.
როგორც ცნობილია, ბიშკეკში სტუმრობისას, საქართველოს პირველი პირი ყირგიზეთის მოქმედ პრეზიდენტს როზა ოტუნბაევას პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ალა არჩას სახელმწიფო რეზიდენციაში ოფიციალური ვახშმის ფარგლებში გაიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. თქვენ ნამდვილი ლეგენდა ხართ და არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის. ხვალინდელი დღე მართლაც ისტორიულია. ამ პროცესს, ალბათ, ყველა აკვირდება... თქვენ, უბრალოდ, საოცრება ჩაიდინეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, როზა ოტუნბაევამ, რომელმაც პრეზიდენტის რანგში ბოლო ოფიციალური შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან გამართა, საქართველოს ლიდერს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.