ირაკლი ალასანია ვაშინგტონში სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენებს სტივ კინგსა და ალბიო საირის შეხვდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ვიზიტის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა ჰერიტიჯის ფონდში და შეხვედრა სახლემწიფო დეპარტამენტშიც გამართა.
"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომ საქართველო რეალურად გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკას, განსაკუთრებით დეტალურად კი იმ რეალობაზე ისაუბრეს, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ შეიქმნა.
"შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩვენი პარტიისთვის და ყველა ოპოზიციური ძალისთვის გარანტირებული უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და თავისუფალი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ასევე შეხვდება გავლენიან სენატორებს - ჯო ლიბერმანს, ჯონ მაკეინს და რიჩარდ ლუგარს. დაგეგმილია შეხვედრები შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ქართულ დიასპორასთან ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი რამდენიმე ანალიტიკურ ცენტრში სიტყვითაც გამოვა.
ალასანიასთან ერთად აშშ-ში პარტიის პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი და პრესსპიკერი ვაკო ავალიანი იმყოფებიან.