საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებლებმაც და მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა საშუალება უნდა მისცენ ჟურნალისტებს, რაც შეიძლება მალე განაახლონ მუშაობა.
„მთავარი ის არის, რომ ჟურნალისტებმა მუშაობა გააგრძელონ. მხარეებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკება და ეს პროცესი უნდა გახადონ საჯარო, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაში მდგომარეობს მათი დავა", - განუცხადა ზვიად ქორიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილიდან ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერი გათიშულია. „მაესტროს" მაუწყებლობა მას შემდეგ გაითიშა, რაც ტელევიზიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირებთან ერთად, 07:15 საათზე, „მაესტროსთან" მივიდა, ისინი ღობეზე გადაძვრნენ და მას შემდეგ სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.