ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის ტერიტორიაზე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები შეუშვა და განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ტელეკომპანია "მაესტროს" ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება. მისი თქმით, დღეს დილით, რვის ნახევარზე მივიდა "მაესტროში" და მიიტანა ბრძანება, რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, თუმცა კარი ჩაკეტილი დახვდა. თუმცა, "გამოვიყენე ჩემი ალპინისტური გამოცდილება და ტელეკომპანიის ეზოში ღობეზე გადაძრომით მოვხვდი:.
"გუშინ ვაპირებდი მისვლას ტელეკომპანია "მაესტროში", თუმცა თავი შევიკავე, რადგან საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო ბიძინა ივანიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. გუშინდელი გადაცემის შემდეგ კი, დილით ადრე მივედი "მაესტროში" და დავიწყე კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელება", - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.
მისი თქმით, მან სამი წლის განმავლობაში "მაესტროს" ასაღორძინებლად ოთხმილიონნახევარი დოლარი მოიზიდა და არხი რეიტინგული გახადა, ამიტომ მას უფლება აქვს მართვაში ჩაერიოს.
"ტელეკომპანია "მაესტროს" ასაღორძინებლად ოთხმილიონნახევარი დოლარი მოვიზიდე და არხი რეიტინგული გავხადე. ამიტომ მე ყველანაირი უფლება მაქვს, ჩავერიო ტელეკომპანიის მართვაში და, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, არხიდან დამეთხოვა "მაესტროს" პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე და ლევან ჩიკვაიძე",- განაცხადა კიწმარიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს პირები ტელეკომპანიის წილებს ფლობენ და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ, როგორც თანამშრომლები და არა როგორც მეწილეები.