პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას განცხადებით, საბჭოთა კავშირის ოკუპანტურ პოლიტიკას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებაც აგრძელებს.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ახალი სატელევიზიო პროექტის "ჩვენ, კავკასიელების" ფარგლებში გადასაღები ფილმების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ ფილმებს კომისიის დაკვეთით საზოგადოებრივი ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდია მოამზადებს. მალაშხიას განმარტებით, პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხის, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა. საგანგებოდ გამახვილდება ყურადღება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე. ფილმებში გამოყენებული იქნება მხოლოდ დოკუმენტური კადრები.
შოთა მალაშხიამ პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებში გადაღებულ ფილმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ფილმებში სრულყოფილად არის ასახული საბჭოთა კავშირის მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფოის ოკუპაციის შემთხვევები. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის ოკუპანტურ პოლიტიკას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებაც აგრძელებს.