კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, ექსპერტ გოგი ხუციშვილის განცხადებით, ის რამდენი წუთის წინ დაუკავშირდა ცხინვალს, სადაც განუცხადეს, რომ სიტუაციის გართულებას ელოდებიან. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესაძლოა გარკვეული დესტაბილიზაცია დაიწყოს.
"ე.წ. არჩევნების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ კოკოითის კლანი ინარჩუნებს პოზიციებს, ემუქრება და აშინებს ყველას. მოსკოვის კონტროლიდან გამოვიდა სიტუაცია, რადგან მის ინტერესებში შედიოდა კოკოითის კლანის მოცილება, რომელიც კორუფციაში იყო ჩაფლული. ამ შემთხვევაში იყო შანსი იმისა, რომ მოწესრიგებულიყო ეს სიტუაცია და ის ფული, რომელსაც ხარჯავდნენ, არ იქნებოდა ტყუილად დაკარგული და მოხმარებოდა თავიანთ საქმეს. მოსკოვმა რომ ეს სიტუაცია "მიუშვა", სხვა რამეზე მეტყველებს. არა მგონია, მოსკოვი იყოს დაინტერესებული კოკოითის კლანის მმართველობაში დარჩენის, თუმცა მეორე მხრივ, დაუშვეს ის, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შედეგები", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ვერც ბიბილოვი და ვერც ჯიოევა ახლად დანიშნულ არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ 27 იანვარს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად ცნო. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ პარტია "ედინსტვოსა" და კრემლის კანდიდატ ანატოლი ბიბილოვის სარჩელის განხილვის შედეგად მიიღო. ე.წ. სასამართლომ აღიარა, რომ არჩევნები გაყალბებულია.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეთა აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.