საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" არ არეგისტრირებს. ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ამა წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება ახალი სუბიექტის- ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განმცხადებლის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო მოსაკრებელი, რაც დადგენილი წესით ითვალისწინებს მომსახურების დასრულებას განაცხადის შეტანის დღესვე. შესაბამისად, რეესტრი ვალდებული იყო განცხადების შეტანის დღესვე (24/11/2011) რეგისტრაციაში გაეტარებინა ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება," ან მიეთითებინა განმცხადებლისთვის საბუთებში არსებულ ხარვეზებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება მიღებულია. რეალურად, რეესტრი არ არეგისტრირებს საზოგადოებრივ მოძრაობას და არც რაიმე სახის ხარვეზს უდგენს განმცხადებელს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ჯერ საჯარო რეესტრის ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ კი უშუალოდ რეესტრში ადგილზე მისვლით, შეეცადნენ გაერკვიათ წარდგენილ განცხადებაზე პასუხის გაცემის გაჭიანურების მიზეზი.
„არანაირი განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არღვევს რეესტრი საქართველოს კანონმდებლობას, გაკეთებული არ ყოფილა.
აშკარად სახეზეა ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა პოლიტიკური ოპონენტის უკანონო დისკრიმინაციის, რაც პოლიტიკური დევნისა და კანონის დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო.