კალინინგრადში რუსეთის მხრიდან რაკეტის განთავსებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, საქართველო ნეიტრალურად ვერ შეაფასებს. ამის შესახებ დღეს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„საქართველო ვერ იქნება გულგრილი ასეთი მოვლენების მიმართ, რადგან საკუთარი გამოცდილება აქვს ძალიან მწარე, სწორედ რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთის მიმართ ნდობის ხარისხი საქართველოს აქვს ძალიან დაბალი. მაშინაც კი, როდესაც მსგავსი ტიპის ქმედებები იურიდიულ ჩარჩოში არსებობს, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ რუსეთი არ დაარღვევს დადებულ პირობებს და რუსეთი არ გადავა იმ ფარგლებს მიღმა, რომელსაც ქმნის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი სახის ქმედება, რომელსაც რუსეთი ამ მიმართულებით განახორციელებს არის ყოველთვის საფრთხის მომცველი და ეს არის ის თემა, რომლის თაობაზეც საქართველო წლების მანძილზე საუბრობდა, განსაკუთრებით კი აგვისტოს ომის შემდეგ.