საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის დღეს არსებულ ურთიერთობას ასახავს, ძნელი იქნება ვინმემ პოზიტიური წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
„მე გამიჭირდება პატრიარქის ვიზიტის შეფასება, რადგან ჩვენ ამ ვიზიტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში ბუნებრივია მონაწილეობას არ ვღებულობთ. თავისთავად თუ ვინმეს რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირებაში ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები არ მიუთითებს იმაზე, რომ რაიმე სახის დაინტერესება აქვს რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების და დარეგულირების. მითუმეტეს როდესაც საკითხი ეხება დევნილების დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, ქართული მხარე სკეპტიკურად არის განწყობილი იმ შედეგების მიმართ, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში დადგეს.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ არსებობს მზაობა. რომ ამ საკითხების თაობაზე მოლაპარაკება შედგეს. რუსეთის ფედერაცია დღესდღეობით იმ საპასუხო ნაბიჯსაც არ დგამს, რომელსაც ჰქვია ძალის არ გამოყენების თაობაზე ვალდებულების აღებას. შესაბამისად, ამ სურათის გათვალისწინებით, რთული იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმემ შეიძლება პოზიტიური წვლილი შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში და რაიმე გარღვევა მოხდეს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.