ხვალ, 29 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სერგსიანი ეწვევა. ვიზიტი ორდღიანია და ის 30 ნოემბერს დასრულდება.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის საპასუხო ვიზიტი, რომელიც ამა წლის იანვარში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქ ერევანში.
„ვიზიტის ფარგლებში იგეგმება როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატის აქტუალური საკითხების განხილვა. დაგეგმილი არის მთელი რიგი სამართლებრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიალი. რამდენიმე შეთანხმებას ეწერება ხელი, მათ შორის სასაზღვრო თანამშრომლობის, სტანდარტიზაციის და სპორტის სფეროში. აგრეთვე დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროტოკოლის ხელმოწერა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება ამ ვიზიტს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი ჩვენს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. ოფიციალური ფორმატის მიღმა დაგეგმილი არის კულტურული ღონისძიებები, რომელშიც სომხური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.