"ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, საგადასახადო დავების კუთხით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დეკრიმინალიზაციის ინიციატივის გამო, ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ მან პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
"საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტში გამართულ ბიზნესსაბჭოს დახურულ სხდომაზე ხელისუფლებას საგადასახადო დავების კუთხით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დეკრიმინალიზაცია და ამ მიმართულებით კანონის ლიბერალიზაცია შესთავაზა, შეხვედრიდან ორ დღეში საგადასახადო ინსპექციაში დაიბარეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ეს არის საქართველოს მთავრობის რეალური სახე. ეს არის ბიზნესთან თქვენი თანამშრომლობის მაგალითი და არა ის ციფრები, რომელზეც ამ დარბაზში აპელირებთ. სანამ ბიზნესთან ასეთი დამოკიდებულებაა, სანამ ის დაბეჩავებულ, დაჩაგრულ და პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, დაჩმორებულ მდგომარეობაშია, მანამდე საქართველოში ვერც ეკონომიკის სექტორები განვითარდება და ვერც ბიზნესი გამოიჩენს ინიციატივას, რომ მეტი ახალი იდეებით გამოვიდნენ, მეტი თანხები მოიზიდონ და მეტი ადამიანები დაასაქმონ", - განაცხადა თარგმაძემ, თუმცა აღნიშნული პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილობით არიან ინფორმირებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.