ფრაქცია ~ქრისტიან-დემოკრატების~ წევრის, მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართ უპასუხისმგებლოა. ეს განცხადება ანიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისი განცხადებით, მთავრობის ყველაზე სუსტი წერტილი ჯანდაცვა და სოციალური საკითხებია.
~ვერც ერთ რეგიორში ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც ეს საკითხები არ აწუხებდეს. როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო და უსამართლო~, - აღნიშნა ანიკაშვილმა.
~ქრისტიან-დემოკრატების~ წევრის განმარტებით, მთავრობამ 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება 7 მილიონი ლარით შეამცირა.
~რომელი მთავრობა შეამცირებს დღევანდელ პირობებში ჯანდაცვის ბიუჯეტის დაფინანსებას, თუკი მთავრობის რომელიმე წევრს რაიმე კომუნიკაცია აქვს ჩვენს მოქალაქეებთან?! თუ დადიხართ და ხვდებით ადამიანებს, თუ გყავთ მეზობლები, ახლობლები, ნათესავები, როგორ შეიძლება დღეს შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება? რადგან პრაქტიკულად ყველა ოჯახს ეს პრობლემა აქვს?" - აღნიშნა ანიკაშვილმა.