პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ მთავრობას არ სურს შექმნას ძლიერი ანტიმონოპოლიური სისტემა, რომელიც თანაბარ შანსებს მისცემს ბიზნესს განვითარებისთვის. ეს განცხადება დავითაიამ დღეს პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
დავითაიას მტკიცებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს ეკონომიკური დანაშაულის ნაწილში სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაციას, რაც აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის. მისივე თქმით, აშკარაა, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას ბიზნესმენებისთვის თანხის გამოძალვით ცდილობს და არ არის მოტივირებული ითანამშრომლოს ბიზნეს სექტორთან.
~ჯერ კიდევ 3 წლის წინ გვესმოდა, რომ მინიმალური პენსია 2011 წელს 100 დოლარს უნდა გათანაბრებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და მხოლოდ 2011 წლის სექტემბრისთვის მისცეს პენსიონერთა მცირე კატეგორიას ათ ლარიანი დანამატი.
რეალურად პენსიამ იმ შემთხვევაშიც იკლო, რადგან შემცირდა ლარის მსყიდველუნარიანობა. ახლა პირდებით საპენსიო პაკეტის ზრდას, (15 ლარი დანამატი-15 ლარი დაზღვევა) ისიც მხოლოდ 67 წლის ასაკს გადაცილებული პენსიონერებისთვის და თანაც არა 1 იანვრიდან, არამედ 2012 წლის 1 სექტემბრიდან. გეკითხებით: არის თუ არა ეს დისკრიმინაციული და ცინიკური?~ - მიმართა დავითაიამ მთავრობას.