ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობის~ ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა უმრავლესობას პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ბუტა რობაქიძის ფოტოსურათების ჩამოკიდება მოსთხოვა.
~დღეს, როდესაც ჩვენ დილის სხდომაზე მოვდიოდით, ვიხილეთ მიღწევების რეპროდუქცია, რომელიც გამოფენილია სხდომათა დარბაზის წინ, ფოიეში. მე, ჩემ კოლეგებს მოვეთათბირე და ასეთ ინიციატივას გთავაზობთ, როდესაც საზოგადოება და სტუმრები დატკბებიან ამ რეპროდუქციებით, მოდით, ჩამოვხსნათ ეს რეპროდუქციები და სხვა სახის რეპროდუქციებს შემოგთავაზობთ, რომელშიც ასახული იქნება ათასი პრობლემა, ათასი უბედურება, რაც 2004 წლიდან დღემდე დატრიალდა ქვეყანაში და რაზეც პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს~- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
~აქ ჩამოიკიდება გირგვლიანების განადგურებული ოჯახის ფოტოსურათები, აქ ჩამოიკიდება მანქანაში ჩაცხრილული ვაზაგაშვილის სურათი, ასფალტზე დაგდებული გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის, პირტიტველა ბიჭის ცხედრის სურათი, აქ ჩამოიკიდება თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის ფოტოსურათი, ორჯერ დარბეული მიტინგის რეპროდუქცია. ესეც კარგი იქნება, რადგან ესეც ნაყოფია თქვენი პოლიტიკაში მოღვაწეობის და ესეც დღევანდელი საქართველოს სახეა~, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა და ხელისუფლებას მოუწოდა ეს რეპროდუქციები გამოფინოს.