აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები" ლევან ვარშალომიძის უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე, თუმცა იმ პროცედურების დაცვით, რასაც აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ითვალისწინებს, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში არც ერთხელ არ ჩატარებულა სამთავრობო საათი და მთავრობის თავმჯდომარეს ყოვლისმომცველი ანგარიში არ წარმოუდგენია
"ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცებამდე უმაღლეს საბჭოში აუცილებელია დებატების გამართვა მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისა და წევრების მონაწილეობით. ეს ხელს შეუწყობს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და თანხების მიზნობრივად გადანაწილებას, რაც ბიუჯეტს სრულყოფილ და რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნებზე მორგებულ დოკუმენტად აქცევს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქციის თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძემ.